2022 წლის 4 მაისს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს EU GS პროექტის ფარგლებში, რიგით მესამე საჯარო დისკუსია ქალაქ თელავში (კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიება პროექტის მენეჯერმა, თათია დოლიძემ, გახსნა და დამსწრეებს პროექტის წელიწადნახევრიანი მიმდინარეობის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების მიმოხილვა შესთავაზა. უშუალოდ დისკუსიას კი პროექტის მკვლევარი და პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი, გიორგი გობრონიძე წარუძღვა. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგების, მიგნებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორებმა და სტუდენტებმა, მოქმედმა და მომავალმა მასწავლებლებმა მიიღეს. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დავით მახაშვილიც.
მსგავსად წინა საჯარო დისკუსიებისა, საუბარი ძირითადად საქართველოს საჯარო სკოლებში ევროპული ღირებულებების სწავლა-სწავლების გამოწვევებს შეეხო. მონაწილეებმა სიღრმისეულად იმსჯელეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების როლზე ღირებულებათა ფორმირების პროცესში.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური სახელმძღვანელოს – “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში“ – რამდენიმე ეგზემპლარი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თხოვნის შესაბამისად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა.