წინამდებარე მეთოდური სახელმძღვანელო შემუშავებულია ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის –„ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ (620893-EPP-1-2020-1-GEEPPJMO-PROJECT), იგივე EU-GS, ფარგლებში.
იგი ეყრდნობა ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს და საწყის წერტილად იღებს პროექტის მკვლევართა გუნდის მიერ შემუშავებულ შვიდ რეკომენდაციას, რომელთაც ზედმიწევნით მიჰყვება სახელმძღვანელოს თითოეული მოდული.
EU-GS პროექტს აქვს ამბიციური მიზანი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე დაეხმაროს საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით.
ამავე მიზნით, აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებს სთავაზობს თეორიული და პრაქტიკული მასალისგან შემდგარ მეთოდიკას სასწავლო პროცესსა და ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში იმ ევროპული ღირებულებებისა თუ სტანდარტების გასავრცელებლად, რომლებიც საველე კვლევის პროცესში განსაკუთრებულად პრობლემატურად გამოიკვეთა.