EU-GS

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ – ფარგლებში, საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლების ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში გადამზადების პროცესი დაიწყო.

პირველი ორდღიანი რეგიონალური ტრენინგი დასავლეთ საქართველში, კერძოდ ზუგდიდში გაიმართა და მასში ქუთაისის, ბათუმის, ხაჯალიის, მესტიის, ჭუბერის, ხაიშის და ზუგდიდის სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ საპატიო სტუმრის სტატუსით ტრენინგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, დაესწრო.

დასავლეთ საქართველოსთვის თემატიკა 2021 წლის ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეირჩა და გახლდათ 1) სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდიკის ოპტიმიზაცია და 2) შეფასების სისტემის რეფორმა.

ტრენინგებს EU GS მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი მოდულების ავტორები, პროფესორები ლელა აბდუშელიშვილი და ეკატერინე ნაცვლიშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგები გაშუქდა სამეგრელოს ადგილობრივი ტელევიზიის (STV) მიერ. 

„მნიშვნელოვანია, რომ ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობენ ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები. მისასალმებელია, რომ ტრენინგები მოიცავს არა მარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ კომპონენტსაც, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სკოლების ევოპეიზაციას.“ – განუცხადა ჟურნალისტებს ვიბლიანმა.

 

“ამჟამად ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც თავი მოიყარეს მესტიის, ხაიშის, ჭუბერის, ქუთაისის, ბათუმის, ხაჯალიის და ზუგდიდის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა. ტრენინგებისთვის შერჩეული თემატიკა ეხება შეფასების სისტემის რეფორმასა და სწავლების მეთოდიკისა და სახელმძღვანელოების ოპტიმიზაციას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხებში დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებელთა გადამზადების საჭიროება გამოიკვეთა ამავე პროექტის ფარგლებში შარშან ჩატარებული კვლევის შედეგად. შესაბამისად, ტრენინგებს საფუძვლად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული რეალური პრობლემები უდევს და ევროპის უნივერსიტეტში ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტით ხელს შევუწყობთ მათ გადაჭრას“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროექტის მენეჯერმა, თათია დოლიძემ.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn