EU-GS

EU GS პროექტის ფარგლებში ჩატარებული საჯარო დისკუსიების შედეგად მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა დამატებითი პოლიტიკის რეკომენდაციები შეიმუშავა.

საჯარო დისკუსიებისას, კომპეტენტურმა პირებმა პროექტის მკვლევრების ყურადღება გაამახვილეს ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც ჩატარებული საველე სამუშაოების ფარგლებში არ გამოვლენილა. 

 

ქვემოთ განმარტებულ დამატებით რეკომენდაციებს პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებთან ერთად, პროექტის მკვლევრები შემაჯამებელ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენენ. დარიგდება მათი ამსახველი ინფორმაციული გრაფიკაც. 

 


რეკომენდაცია N1: გენდერული ასპექტების გათვალისწინება სწავლასწავლების პროცესში

 

სწავლასწავლების პროცესში გენდერული ასპექტების გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სტერეოტიპებისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს განვითარებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ცალკეული საგნების სწავლების პროცესში არ უნდა ვლინდებოდეს მამაკაცისა და ქალის როლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო სახელმძღვანელოებში მოცემული როგორც შინაარსობრივი, ისე ვიზუალური მასალა  უნდა გადაიხედოს გენდერული მიუკერძოებლობის კუთხით.

 

რეკომენდაცია N2: მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი მექანიზმების განვითარება

 

მასწავლებელთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მაღალი კულტურა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, კომპეტენციის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლას. შესაბამისად, წახალისებულ უნდა იქნას თანამშრომლობისა და კოლაბორაციული მუშაობის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება. ამგვარად, შესაძლებელი გახდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საშუალებების სკოლის ბაზაზე დანერგვა.

 

რეკომენდაცია N3: სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს სკოლებში მაღალი კომპეტენციის ახალი კადრების მოზიდვის კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტებს საკმაოდ დიდი როლი ენიჭებათ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის, არსებული მეთოდოლოგიური მიდგომების დახვეწასა და ზოგადად, სასკოლო კულტურის განვითარებაში.

 

რეკომენდაცია N4: სწავლების დიფერენცირებული მიდგომის განვითარება

 

განათლებაში დიფერენცირებული პოლიტიკის გატარება განათლების ხარისხის განვითარებასა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, მასწავლებელს შეუძლია ხელი შეუწყოს თითოეულ მოსწავლეში ინტერესების, შესაძლებლობისა და მოტივაციის მაქსიმალურად გამოვლენას. სწავლების დიფერენცირებული მიდგომის არაერთი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის, კლასის საერთო შედეგების გაუმჯობესება, რაც თავისთავად აისახება ზოგადი განათლების ხარისხის დონეზეც.

 

რეკომენდაცია N5: საგნის გეგმისა და საგნობრივი სტანდარტების გაუმჯობესება


საგნის გეგმა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, თუმცა მასწავლებლის გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი გამდიდრება და გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს ჰქონდეთ მოტივაცია დახვეწონ სილაბუსი და ის მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც დაგეგმილი საკითხების შესწავლა უფრო ეფექტურად მოხდება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საგნობრივი სტანდარტების, ანუ კონკრეტული საგნობრივი კომპეტენციების სრულყოფას.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn