EU-GS პროექტის მოსამზადებელი ფაზა დაიწყო სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრით პროექტის განმახორციელებელ გუნდს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და სკოლების დირექტორებს შორის.
კორონავირუსის დამძიმებული სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
პროექტის მენეჯერმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნო პროექტის შინაარსი, მიზანი და ამოცანები. დამატებით, აუდიტორიას თავისი მოლოდინები პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაუზიარეს პროექტის განმახორციელებელი გუნდის დანარჩენმა წევრებმაც. განათლების სამინისტროს მხრიდან პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციისა და მოვალეობების განსაზღვრას და ამ ფორმატში მუდმივი წევრობის მსურველებმა თავიანთი კანდიდატურები წარადგინეს. მას შემდეგ, რაც მონაწილეები შეთანხმდნენ სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაზე, გადაწყდა მომდევნო შეხვედრების განრიგი. გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართებოდა საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ, კვლევის შედეგების გააზრებისა და გაანალიზების მიზნით. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სკოლის დირექტორების პირველად კომენტარებსა თუ რჩევებს პროექტის განმახორციელკებელი გუნდის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით გათვალისწინებულია სამმხრივი საკონსულტაციო ჯგუფის კიდევ ორი შეხვედრა (ჯამში სამი), რომელთა ფარგლებშიც დაინტერესებული მხარეები მიიღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, შეაფასებენ პროექტის განხორციელების მიმდინარეობას და ხელს შეუწყობენ კომუნიკაციას პროექტის გუნდსა და სამიზნე სკოლებს შორის.
უშუალო შეხვედრების გარდა, ჯგუფს ექნება ინტენსიური მიმოწერა პროექტის განმავლობაში, ინფორმაციის გაცვლის, სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმირების, სამიზნე სკოლებთან კონტაქტის ფასილიტაციის თვალსაზრისით.
ამ შეხვედრებისა და კონსულტაციების ძირითადი მიზანი არის უფრო მეტი კოორდინაციის უზრუნველყოფა და ერთობლივი მუშაობა საქართველოს სკოლებში ევროპული ცოდნისა და სტანდარტების ასამაღლებლად