2022 წლის 30-31 მარტს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის, – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში” – ფარგლებში, ბენეფიციარი სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისათვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
ორდღიან ონლაინ ტრენინგში მონაწილეობა იმ ბენეფიციარებმა მიიღეს, რომლებიც მანამდე თბილისში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში ჩატარებულ ტრენინგებზე სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკურად ვერ გამოცხადდნენ. კერძოდ, საუბარია ამბროლაურის, მესტიის, ახალქალაქის, გორის, მცხეთის, ბათუმისა და თბილისის ბენეფიციარი სკოლების ჯამში 30 დირექტორ-მასწავლებელზე, რომელთათვისაც პროექტის გუნდმა აღნიშნული აქტივობა დაგეგმა.
პროექტის ტრენერებმა, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლელა აბდუშელიშვილმა და მარიამ კილანავამ, ისინი სწავლებისა და შეფასების მეთოდიკის მიმართულებით გადაამზადეს. დამსწრეებმა მადლიერება გამოხატეს ამ დამატებითი შესაძლებლობისთვის და აღნიშნეს, რომ მიწოდებული თეორიულ-პრაქტიკული მასალა მათთვის ძალზედ ღირებული და მნიშვნელოვანია.