EU-GS

ევროპის უნივერსიტეტში, სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრის ფორმატში, ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტისა და მეთოდური სახელმძღვანელოს – „ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პოლიტიკის დოკუმენტი და მეთოდური სახელმძღვანელო მომზადდა ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული და ევროპის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის, „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“, ფარგლებში.

სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრის ფორმატი კი გულისხმობს კონსულტაციებს ერთი მხრივ პროექტის განამხორციელებელ გუნდს, მეორე მხრივ პროექტის ბენეფიციარ სკოლებსადა მესამე მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის დოკუმენტისა და მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დამატებით ესწრებოდნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც, როგორიცაა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები. 

“ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი წინ ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი პროექტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, ჩვენი ზოგადი განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის დოკუმენტი ეყრდნობა საველე კვლევის შედეგებს და თავის მხრივ, მეთოდური სახელმძღვანელოც შემუშავებულ იქნა აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით. უახლოეს მომავალში თავადვე პრაქტიკაში დავნერგავთ მეთოდურ სახელმძღვანელოს, პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს შედეგების გავრცელებას და საჯარო სკოლებში გავალთ, რათა დავატრენინგოთ საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლები“, – განაცხადა EU-GS პროექტის მენეჯერმა, თათია დოლიძემ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტეოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ლალი კალანდაძის თქმით,  „ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერი უნივერსიტეტის ჩართულობა და ჩვენ მივესალმებით ამას, რადგან სკოლის მოსწავლეები, საჯარო თუ კერძო სკოლების დასრულების შემდეგ, ხდებიან უნივერსიტეტების სტუდენტები და ბუნებრივია, მათი ეს ტრანსფერი უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს. ასევე საქართველო დგას ევროპული განვითარების გზაზე და შესაბამისად, ევროპული ღირებულებები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სკოლებში სათანადო დონეზე უნდა ისწავლებოდეს.“. 

თავის მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ხათუნა აფხაზავამ აღნიშნა,  რომ „ჩვენ ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურებით, ამ ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდას, ამ ქვეყნის ევროპულ ღირებულებებს, მათ დაცვას და მნიშვნელოვანია, როგორ ისწავლება ეს ჩვენს სკოლებში“.

ოფიციალური პრეზენტაციის შემდგომ დაინტერესებულ მხარეებს შორის დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, ნახევრად ფორმალურ გარემოში გაგრძელდა. 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის დოკუმენტი ბეჭდური სახით იქნა წარმოდგენილი, ხოლო მეთოდური სახელმძღვანელო ამ ეტაპისთვის მხოლოდ ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი და მისი ფიზიკური სახით გამოცემა უახლოეს მომავალში იგეგმება.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn