EU GS პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური სახელმძღვანელო – „ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში“- ითარგმნა და დაიბეჭდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ სახელმძღვანელო არის პრაქტიკული დანიშნულების და იგი საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისათვის წარმოადგენს გზამკვლევს ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების სასკოლო ცხოვრებაში გასავრცელებლად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი თარგმნა არაქართულენოვანი სკოლებისათვის.
სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, EU GS პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა იზრუნა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მასწავლებლებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
მეთოდური სახელმძღვანელო ეყრდნობა EU GS ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს და საწყის წერტილად იღებს პროექტის მკვლევართა გუნდის მიერ შემუშავებულ შვიდ რეკომენდაციას, რომელთაც ზედმიწევნით მიჰყვება სახელმძღვანელოს თითოეული მოდული.
მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორები არიან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები, ეკატერინე ნაცვლიშვილი, ლელა აბდუშელიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი, მარიამ კილანავა, ნინო გვარამაძე და მოწვეული ექსპერტი- მარეხ ნიკაჭაძე.