EU-GS

ევროპის უნივერსიტეტში ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის წარდგენის ცერემონია გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს EU-GS პროექტის წარდგენის ცერემონია გაიმართა.

საუნივერსიტეტო სივრცეში, ადმინისტრაციულ, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან ერთად წარმოდგენილი იყო მრავალი სხვა დაინტერესებული მხარე, როგორიცაა მთავრობა, ევროკავშირის დელეგაცია, ევროპული ქვეყნების საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, და საჯარო სკოლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა ნინო ტალიაშვილმა და ღონისძიების საპატიო სტუმრებმა: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა კახა კუჭავამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება კარლ ჰარცელმა და ერასმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლიკა ღლონტმა. 

ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო ჟან მონეს EU-GS პროექტისა და გუნდის პრეზენტაციას. პროექტის მენეჯერმა, ქ-ნა თათია დოლიძემ, ისაუბრა პროექტის მიზანზე, ამოცანებსა და ძირითად აქტივობებზე; სამეცნიერო კვლევის პროცესის სირთულეები და სასურველი შედეგი მიმოიხილა პროექტის მთავარმა მკვლევარმა, ბ-მა ლევან მახაშვილმა; ტრენინგ სახელმღვანელოს შემუშავების პროცესი და შედეგების გამოყენებადობა გახლდათ პროექტის მთავარი ანალიტიკოსის, პროფესორ ეკატერინე ნაცვლიშვილის გამოსვლის თემა; ძირითადი ნაწილის დასასრულს კი აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქ-ნი ნინო წერეთელი, რომელმაც აქცენტი გააკეთა პროექტის მნიშვნელობაზე საქართველოში განათლების სისტემის განვითარების კონტექსტში. როგორც აუდიტორიისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, საპატიო მიზეზით, ღონისძიებაზე ვერ გამოცხადდა ამავე სამინისტროდან გათვალისწინებული კიდევ ერთი მომხსენებელი, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქ-ნი ლალი კალანდაძე. მომხსენებელთა გამოსვლებს მოჰყვა კითხვა-პასუხის სესია slido-ს გამოყენებით. ძირითადი შეკითხვები ეხებოდა კვლევის ემპირიულ ნაწილს და შესაბამისად, მათზე პასუხი მოუწია საველე სამუშაოების კოორდინატორს, ბ-ნ გიორგი გობრონიძეს. 

აღსანიშნავია, რომ EU-GS პროექტის წარდგენის ცერემონიას უძღვებოდა „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და ჟან მონეს EU-GS პროექტის მენეჯერი, ქ-ნი თათია დოლიძე.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პირველი ვიოლინო, მთავარი კონცერტმაისტერი “საქართველო მშვიდობისთვის“, მთავარი წარმომადგენელი ლელა მჭედლიძე და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ნინო ჟვანია.

პანდემიური მდგომარეობის გათალისწინებით, ღონისძიება ჩატარდა კოვიდრეგულციების სრული დაცვით.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.