EU-GS

ეკატერინე ნაცვლიშვილი

მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი და ტრენერთა გუნდის ხელმძღვანელი

ekaterine.natsvlishvili@eu-gs.ge

დოქტ. ეკატერინე ნაცვლიშვილი არის სამართლის, ეკონომიკისა და მართვის ევროპული კვლევითი ცენტრის დირექტორი და თანადამფუძნებელი. ამჟამად იგი იკავებს  აფილირებული ასოცირებული პროფესორის პოზიციას ევროპის უნივერსიტეტში და არის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. ეკატერინე ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს სოციალურ ფილოსოფიაში, მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო მენეჯმენტში. ის იყო მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მკვლევარი. 

ეკატერინეს აქვს განათლების სფეროში გამოყენებითი კვლევების, საკონსულტაციო და სასწავლო პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკის ანალიზის, განათლების რეფორმების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და მართვის პრობლემატიკას. გამოქვეყნებულ სტატიებში, ანალიტიკურ ანგარიშებსა და მოხსენებებში განხილულია ევროპული ღირებულებების გავლენა საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესებზე და განათლების გზით მათი გავრცელების მნიშვნელობა.  

ეკატერინე 1996 წლიდან  მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში და ასრულებდა ანალიტიკურ და საკონსულტაციო სამუშაოებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ETF-ის; UNDP-ის, TACIS-ის და სხვ., დაკვეთით. ეკატერინეს, აგრეთვე, აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე – განათლების ფასილიტატორის, საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კოორდინატორის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტის – მუშაობის გამოცდილება. 2021 წლის თებერვლიდან არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ეროვნული აკრედიტაციის საბჭოს წევრი. 

კარიერის განვითარების, კონსულტირებისა და ქოუჩინგის, სასწავლო გეგმის შემუშავების სფეროში სათანადო კომპეტენციებისა და გამოცდილების საფუძველზე, დოქტორი ნაცვლიშვილი აქტიურადაა ჩართული ზრდასრულთა განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. ეკატერინე  ძირითადი შემსრულებლის სტატუსით მონაწილეობდა ევროკავშირის ERASMUS+K2 პროექტში STAR (N5733777-EPP-1-2016-1-CS-EPPKA2-CBHE-JP) და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინოვაციური სწავლების უნარების განვითარების მიზნით მასწავლებელთა საჭიროებების კვლევისა და შედეგების ანალიზის, ტრენერთა ტრენინგის მოდულებისა თუ მასალების შემუშავებისა და ტრენინგების განხორციელების პროცესში. 

 

2019 წლიდან ეკატერინე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების სასწავლო ცენტრთან და უძღვება სწავლებისა და შეფასების ინოვაციურ მეთოდების ტრენინგ-კურსებს.