EU-GS

2022 წლის 15-16 ივნისს, თბილისის N6 საჯარო სკოლაში ევროპის უნივერსიტეტის პროფესორების ორდღიანი ტრენინგი,  თემებზე:  “შეფასების სისტემის რეფორმა” და “სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სწავლების მეთოდიკის ოპტიმიზაცია”, გაიმართა.

ტრენინგს ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში (EU-GS)” – ტრენერები, პროფესორები ეკატერინე ნაცვლიშვილი და ქალბატონი ლელა აბდუშელიშვილი წარუძღვნენ.

EU GS პროექტის მიზანს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით დახმარება წარმოადგენდა და მას ევროპის უნივერსიტეტი 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით ახორციელებდა.  

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტრენინგი არ წარმოადგენდა პროექტით გათვალისწინებულ აქტივობას და მისი გამართვის ინიციატივით გამოვიდა თავად სკოლის დირექტორი, ქალბატონი თამარ აბაზაძე, მას შემდეგ რაც პროექტის ფარგლებში, თავად დაესწრო ხსენებულ ტრენინგ სესიებს. ქალბატონ თამარს სურდა ტრენინგებზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კოლეგებისთვისაც გაეზიარებინა და შესაბამისად, გაევრცელებინა და გაემყარებინა პროექტით მიღწეული შედეგები საკუთარი სკოლის მასშტაბით. 

 

ტრენინგმა დამსწრებში დიდი ინტერესი აღძრა და ისინი აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაოებში. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა სახლის მიერ მათ რეგულარულად უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები, აღინიშნა, რომ EU GS პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მოდულები მათთვის მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულების მატარებელი იყო. კერძოდ, პედაგოგებს მიეცათ საშუალება, დაეზუსტებინათ მათთვის მანამდე ბუნდოვანი სწავლისა და შეფასების მეთოდები, რომელთა გამოყენების დროსაც ისინი თავს ნაკლებად კომფორტულად ან კომპეტენტურად გრძნობდნენ.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn