2022 წლის 12 მაისს EU GS პროექტის განმახორციელებელი გუნდი მორიგი საჯარო დისკუსიის გამართვის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, იგივე მასწავლებელთა სახლს, ეწვია.
შეხვედრას ესწრებოდა მასწავლებელთა სახლის ყველა სამსახურის უფროსი და თითოეული საგნობრივი მიმართულების ექსპერტი. განხილულ იქნა 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული საველე კვლევის შედეგები და მათ საფუძველზე შემუშავებული პოლიტიკის რეკომენდაციები. შეჯამდა აგრეთვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ტრენინგები და შეფასდა დირექტორ-მასწავლებლებისგან მიღებული უკუკავშირი.
დამსწრეებს პროექტის ფაგრლებში შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტსა და მეთოდურ სახელმძღვანელოსთან ერთად, დაურიგდათ პრობლემებისა და რეკომენდაციების შესახებ შექმნილი ინფორმაციული გრაფიკები და განემარტათ, რომ მესამე და საბოლოო ინფოგრაფიკა სწორედ მათგან მოსმენილი ღირებული რჩევების საფუძველზე შეიქმნებოდა და შემაჯამებელ კონფერენციაზე გაზიარდებოდა.
დისკუსია საკმაოდ აქტიურ რეჟიმში წარიმართა და არაერთი საინტერესო პრობლემატიკა გამოიკვეთა, რაც საველე კვლევის შედეგებში არ ფიგურირებდა. ასეთი იყო მაგალითად სწავლა-სწავლების პროცესში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საკითხი, მასწავლებელთა თაობებს შორის გაჩენილი ნაპრალი და სხვა დაკვირვებები, რომლებიც ინფორმაციულ გრაფიკაში აისახება.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამართლის იურიდიული პირია, რომლის მიზანი სწორედ სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.
შესაბამისად, მასწავლებელთა სახლი, პროექტის განხორციელების პირველივე დღიდან, EU GS გუნდის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორსა და ამავდროულად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორი და ტრენერი, პროფესორი ნინო გვარამაძე, ამავდროულად გახლავთ ცენტრის ექსპერტი, ისევე როგორც ქალბატონი ნინო ფეტვიაშვილი, რომელიც ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების პროგრამას ხელმძღვანელობს და პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგ მასალების აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებაზეა პასუხისმგებელი.