2022 წლის 19-20 თებერვალს, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული EU GS პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარი სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისათვის განკუთვნილი რიგით მესამე ტრენინგი ქალაქ თელავში ჩატარდა.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ტრენინგს ახმეტის, ყვარლის, თელავისა და ბორჯომის 6 საჯარო სკოლის 22 დირექტორ-მასწავლებელი დაესწრო.
ტრენინგის თემატიკა აღმოსავლეთ საქართველოსთვის პროექტის პირველ ფაზაში ჩატარებული საველე კვლევის შედეგების, მიგნებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩა.
შეფასების სისტემის რეფორმის შესახებ პროექტის ტრენერმა, პროფესორმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა ისაუბრა. ხოლო, ტოლერანტობისა და თანასწორობის იდეის დამკვიდრების შესახებ მსჯელობა, ასევე პროექტის ტრენერმა, პროფესორმა ნინო გვარამაძემ წარმართა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროფესორები ნაცვლიშვილი და გვარამაძე ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური სახელმძღვანელოს შესაბამისი სასწავლო მოდულების ავტორებიც არიან.
საგულისხმოა, რომ ტრენინგი სრულად ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეების აქტიური ჩართულობით წარიმართა. ტრენერების მიერ მიწოდებული მასალა მოიცავდა არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ კომპონენტსაც, რამაც დირექტორ-მასწავლებლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ორდღიანი ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს დასწრების სერტიფიკატები გადაეცათ.