ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტი – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS) – დასრულდა. შემაჯამებელი კონფერენცია, 2022 წლის 31 მაისს, „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას 80-მდე ადამიანი ესწრებოდა.
საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მთავრობის წევრები, ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, რა თქმა უნდა, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის პროექტის ბენეფიციარები.
მასპინძლებთან ერთად, კონფერენცია გახსნეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა; პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა. მისასალმებელი სიტყვების შემდგომ კი პროექტის მენეჯერმა, თათია დოლიძემ, დამსწრეებს პროექტის მიზნები, მიმდინარეობა, შედეგები გააცნო და კონფერენცია გახსნილად გამოცხადდა.
პირველი პანელის ფარგლებში, კვლევის ფაზის გამოწვევებსა და პოლიტიკის დოკუმენტის რეკომენდაციებზე ისაუბრებს საველე სამუშაოების კოორდინატორმა, გიორგი გობრონიძემ და პროექტის მთავარმა მკლევარმა, ლევან მახაშვილმა. განხორციელდა აგრეთვე ონლაინ ჩართვა ესტონეთიდან. საერთაშორისო ექსპერტმა, ეინარ ვარამ, შეკრებილ საზოგადოებას ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა და შესაბამისი რჩევები მისცა საქართველოს.
მეორე პანელი დაეთმო მეთოდური სახელმძღვანელოსა და დირექტორ-მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტრენინგების მიმოხილვას. პანელისტები გახლდნენ პროექტის მეთოდისტები და ტრენერები, გიორგი ლეკვეიშვილი, ნინო გვარამაძე, ლელა აბდუშელიშვილი, მარიამ კილანავა და ეკატერინე ნაცვლიშვილი, რომელთაც თავიანთი ავტორობით შექმნილი სასწავლო მოდულები წარადგინეს და მეთოდური სახელმძღვანელოს გამოყენებადობაზე იმსჯელეს.
მესამე და ბოლო პანელი ეხებოდა დისემინაციისა და კომუნიკაციის ფაზას. გამომსვლელებს შორის იყვნენ განათლების სამინისტროს უმაღლესების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი; ბენეფიციარი საჯარო სკოლების დირექტორები, ლია გაბინაშვილი და თამარ აბაზაძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, პროექტის მკვლევარი ნიკოლოზ ფარჯანაძე და პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი, მარიამ მანია. საუბარი შეეხო პროექტის შედეგების გავრცელების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს, როგორებიც იყო მოსწავლეთათვის ადაპტირებული ტრენინგების ჩატარება, საჯარო დისკუსიები თბილისში, ქუთაისსა და თელავში და ქვე-გრანტის ფორმით, მოსწავლეთა მინი პროექტების დაფინანსება.
კონფერენცია, პროექტის მენეჯერთან ერთად, დახურა მასწავლებელთა სახლის წევრმა ნინო ფეტვიაშვილმა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი და მეთოდური სახელმძღვანელო ინტეგრირდება ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.