ერასმუს + ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS) – შემაჯამებელ კონფერენციაზე მთავრობის წევრების მხრიდან საქართველოს ევროპული იდენტობის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა.
„დიდი მადლობა განხორციელებული პროექტისთვის, რადგან ევროპასთან ინტეგრაცია ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და მთავარი, როდესაც ევროპასთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, არის ჩვენი განათლების სისტემის დაახლოება ევროკავშირის საგანმანათლებო სისტემასთან. ამაყი ვარ, როდესაც ვხვდები ჩვენს ახალგაზრდებს და მაქვს განცდა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან ევროპელი ახალგაზრდებისგან და ამისთვის მადლობა ყველას, ვინც განათლების სისტემის გარდაქმნაში არის ჩართული. ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, ფასეულობები, ისტორია, იდენტობა, ევროპულ კულტურასთან კავშირი. ის ბარიერები, რომელიც დღეს არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, მოიხსნება და დაიმსხვრევა და ამაში თქვენ განსაკუთრებული წვლილი გაქვთ. მინდა წარმატებები გისურვოთ მსგავსი პროექტების განხორციელებაში და მიგულეთ თქვენს გვერდით“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
„მნიშვნელოვანია გავზარდოთ იმ ფასეულობების და ღირებულებების ცოდნა, რაზეც დგას ევროპა და ევროპის უნივერსიტეტი, ეს პროექტიც სწორედ ამას ემსახურება.“ – ამის შესახებ თავის მხრივ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ისაუბრა, ევროპის უნივერსიტეტს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით. “გილოცავთ, ვიცი რასთან არის დაკავშირებული ამ პროექტის წარმატებით განხორციელება. იდეაც და თემატიკაც გაქვთ სწორად შერჩეული, ქვეყნის იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელსაც ახლა საქართველო გადის. ის ღირებულებები, ფასეულობები, მნიშვნელოვანია ამის ცოდნა გავზარდოთ სასწავლებლებში და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს პროექტი. 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სკოლებში და დარწმუნებული ვარ, ბევრი სიახლე და ინოვაცია და ის ღირებულითი ფასეულობა გაიგეს ჩვენმა ბავშვებმა, რაც უნდა იცოდნენ ევროპის შესახებ, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა ამილახვარმა.
„ევროპეიზაცია იწყება არა სტანდარტის სტანდარტთან ხელოვნური დადარებით, არამედ პირველ რიგში ღირებულებებით„ – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა დასძინა. “უმნიშვნელოვანესია, რომ კონფერენციის სახელწოდებაში ვხედავთ „ევროპულ ღირებულებებს“. ევროპისკენ გზის გავლა ჩვენ გვიწევს სწორედ ამ მთავარი პრინციპების დაცვით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებასა და ევროპულ გზაზე, მნიშვნელოვანია წარმატებები, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ერთის მხრივ, რასაკვირველია, ყოველთვის უნდა მივიღოთ საუკეთესო გამოცდილებები, მაგრამ დროა, დავიჯეროთ, რომ ჩვენ ჩვენს წიაღში გვყავს არაჩვეულებრივი ექსპერტები, მასწავლებლები, დარგის წარმომადგენლები, რომლისგანაც ევროპასაც შეუძლია მოისმინოს თუ რა არის საუკეთესო პრაქტიკა და ჩვენ ვართ სწორედ ამ ეტაპზე. ველოდები იმ უკუკავშირებს, რომელიც პროექტმა დადო. ევროპეიზაცია იწყება არა სტანდარტის სტანდარტთან ხელოვნური დადარებით, არამედ პირველ რიგში ღირებულებებით. ეს არის საკმაოდ დიდი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ. ამ პროექტს ის მიზნები ჰქონდა, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენ ქვეყანას და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის“, – განაცხადა მახარაშვილმა.