2022 წლის 2 მაისს, EU GS პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ევროპული ღირებულებების სწავლების გამოწვევები საქართველოს სკოლებში.
საჯარო დისკუსიაში პროექტის განმახორციელებელ გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორ-სტუდენტებმა და ამავე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა.
პროექტის მკლევარმა და საველე სამუშაოების კოორდინატორმა, პროფესორმა გიორგი გობრონიძემ, დამსწრე აუდიტორიას პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგები და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციები გაუზიარა. პროექტის ტრენერებმა და EU GS მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორებმა, პროფესორებმა ლელა აბდუშელიშვილმა და გიორგი ლეკვეიშვილმა კი დამსწრეებს აღნიშნული სახელმძღვანელო და პირადად მათ მიერ შექმნილი სასწავლო მოდულები გააცნეს.
დისკუსიისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რა მიმართულებითაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოითქვა.
შეხევდრას ესწრებოდა მასპინძელი უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამული ბუჭუხიშვილი და საპატიო სტუმარი, დოქტორ ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
ქუთაისის შემდგომ, პროექტის გუნდი აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს და მორიგი საჯარო დისკუსია კახეთის რეგიონში, თელავში, კერძოდ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.