გამოვლინდნენ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ – ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო კონკურსის გამარჯვებულები.
შემოსული განაცხადების შეფასების შედეგად, შეირჩა ზუგდიდის N9, თელავის N4 და ბორჯომის N1 საჯარო სკოლების მინი–პროექტები.
ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის პროექტი – “ყველა განსხვავებული – ყველა თანაბარი” – მიზნად ისახავს, შეიქმნას მოძრავი თოჯინების თეატრი და რეგიონის მასშტაბით გაიმართოს წარმოადგენები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თემატიკაზე.
თელავის N4 საჯარო სკოლის პროექტი – “მრავალფეროვნება გვაძლიერებს” – ხელს შეუწყობს ქართველებითა და სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებით დაკომპლექტებული სკოლების თანამშრომლობას. დაგეგმილი აქტივობები ორიენტირებულია, აამაღლოს მოსწავლეებში ცნობიერება ეროვნული და კულტურული იდენტობის, ტოლერანტობისა და თანასწორობის იდეების შესახებ.
ბორჯომის N1 საჯარო სკოლა პროექტით – “ბორჯომო–საქართველოს მშვენებავ” – გასვლითი თეორიულ–პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით, მოსწავლეებს დაეხმარება ისტორიულ–კულტურული ძეგლების მნიშვნელობის გააზრებასა და ეროვნული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.