EU-GS

ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის, – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ – ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (ექე), საჯარო დისკუსია გაიმართა.  


შეხვედრას ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ერთად, ექე-ს დირექტორის მოადგილეებიც დაესწრნენ. EU GS პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  ჩატარებული საველე კვლევის შედეგების შესახებ და საქართველოს საჯარო სკოლებში ევროპული ღირებულებების სწავლების გამოწვევებთან დაკავშირებით მსჯელობისკენ მოუწოდა.

ცენტრის წარმომადგენლებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემატიკის გადასაჭრელად პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ საფუძველზე შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. შესაბამისად, ექე-ს გუნდის თქმით, EU GS პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, განსაკუთრებით კი ტრენინგები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის განხორციელებას. 


ცენტრის მენეჯმენტისთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა სტატისტიკური ინფორმაცია პროექტში ჩართული ბენეფიციარი სკოლებისა და გადამზადებული დირექტორ-მასწავლებლების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდგომ, მოთხოვნის შესაბამისად, პროექტში ჩართული სკოლების შესახებ მათ სხვა დამატებითი მონაცემებიც მიეწოდათ.

ექე-ში გამართული ღონისძიება გახლდათ, თბილისის რიგით მესამე და ამავდროულად პროექტის საჯარო დისკუსიების სერიიდან ბოლო. ჯამში, თბილისში, თელავსა და ქუთაისში ხუთი საჯარო დისკუსია შედგა.  დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული უკუკავშირი დამუშავდება და შემაჯამებელ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაციული გრაფიკის ფორმით.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn